ინტერვიუ - მარიამ მებონიასთან
- რა არის სიყვარული?
- სიყვარუილის ასეთი განმარტება არ ვიცი, როგორც ასეთი. მე ჩემებურად მესმის. დიდი ფილოსოფიის გარეშე სიყვარული ჩემთვის არის ის, რაც ვფიქრობ, ძალიან სჭირდებათ ადამიანებს, რათა იყვნენ ბედნიერები. როცა ვიცი, რომ ჩემს გარშემო არიან ადამიანები, რომლებსაც ვუყვარვარ, ეს ყველაზე მეტად მეხმარება ყოველთვის.
- როგორ ფიქრობ, მარადიულია თუ არა ეს გრძნობა?
- მარადიულია. ასე მგონია მე. (შეიძლება, ვცდები. არ ვიცი...)
- რის მიხედვით აფასებ ადამიანებს?
- ზოგადად, ჩემთვის დეტალები ყველაფერია. ადამიანებს მათი ქცევების, სიტყვების, დამოკიდებულებების მიხედვით ვაფასებ! ვფიქრობ, მნიშვნელოვანი რამეები შეიძლება ადამიანმა ძალიან დიდ ხანს დაგეგმოს და ისე გააკეთოს. დეტალები ჩემთვის უფრო ღირებულია. მოკლედ, დეტალები ყველაფერია ჩემთვის.
- ადამიანის რა თვისება იწვევს შენში აღფრთოვანებას? ანუ შენი აზრით, რა თვისება ხდის ადამიანს საინტერესოს?
- როცა ადამიანს რაღაც სულ მცირედიც კი გულწრფელად უხარია. ზოგადად, გულახდილი ადამიანები მიყვარს ძალიან.
- ვინ არის შენი იდეალი კაცი/ქალი?
- იდეალი.. კაცის რა მოგახსენო და ქალი - დედაჩემია.
- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?
- ყველაფერ იმას, რაც ჩემთვის მიუღებელია ვერ ვაპატიებდი.. ასე კონკრეტულად რთულია პასუხის გაცემა ჩემთვის.
- რა გიქმნის პანიკას?
- ზოგადად, ყოველთვის როცა დიდი ალბათობით პანიკაში უნდა ჩავვარდე, წინასწარ თავს ასე ვიმხნევებ: "პანიკის გარეშე!" და სხვათაშორის, ზოგჯერ ამართლებს. გააჩნია რამდენად რთულადაა სიტუაცია.
- რისი მოთმენა არ შეგიძლია ადამიანისგან?
- იმის, რომ გამუდმებით ცდილობს დამაჯეროს ის, რისიც თვითონვე არ სჯერა.
- რა არის ყველაზე უღირსი საქციელი?
- არ ვიცი, ყველაზე უღირსი საქციელი რა არის. ალბათ, რამდენ ადამიანსაც ამ შეკითხვას დაუსვამ, იმდენ განსხვავებულ პასუხს მოისმენ. ჩემთვის, პირადად ადამიანის მოტყუება არის უღირსი საქციელი. როცა მას ისე ეპყრობი, როგორც ადამიანს და ცდილობს ის შენი მარიონეტი გახადო. ან თუნდაც ის, როდესაც ადამიანები დიდი გულმოდგინებით ცდილობენ ადამიანში ნაკლი ეძებონ და მას თავი საზოგადოების არასრულფასოვან წევრად აგრძნობინონ. ზოგადად, სიტყვა - უღირსი ბევრ ასოციაციას იწვევს ჩემში.
- რა არის გარყვნილება?
- ყველაფერი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, ყველა დეტალში რაშიც სიყალბეს ვხედავ ჩემთვის გარყვნილებაა...
- რა გაგიჟებს ყველაზე მეტად? (კარგი გაგებით)
- გულწრფელი ღიმილი ადამიანების სახეებზე, უანგაროდ გაკეთებული სიკეთე და სწორად გამოხატული თავისუფლება.
- როდის გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- როცა ვწერ ან ვხატავ. ეს ორი რამ განაპირობებს იმასაც, რომ ამ დროს ყველაზე კარგად ვიცი რა შემიძლია და ბოლომდე ვენდობი საკუთარ თავს.
- როდის იბნევი ყველაზე მეტად?
- არ ვიცი, შეიძლება, ძალიან ელემენტარულ რაღაცაზეც დავიბნე. ალბათ, დედაჩემი რომ მაქებს ყველაზე მეტად მაშინ ვიბნევი. (ხშირად არ მაქვს ეს სიამოვნება და მაგიტომ). ან როცა ჩემი ძმა მოდის და მეხუტება, აი, მაგ დროს ვარ ყველაზე მეტად დაბნეული, ოღონდ, გულწრფელად.
- შეგიძლია თუ არა გრძნობების დამალვა? ან ემოციების გაკონტროლება?
- ნაკლებად, განსაკუთრებით მაშინ, თუ ემოციებისგან დატვირთული ვარ. არ შემიძლია...
- რა არის ტრადიცია? რომელი მოგწონს და რომელი არ მოგწონს?
- ტრადიცია კულტურის ნაწილია, ვფიქრობ, ზოგადად ტრადიციები ძალიან საინტერესოა, მაგრამ არის ტრადიციები რომლებიც არ მომწონს, თუნდაც ქელეხის ტრადიცია რომ იციან, ეგ არ მომწონს რატომღაც. დასავლეთში იციან უფრო ჭირისუფლებს რომ იქირავებენ ხოლმე. არ იცნობ გარდაცვლილ ადამიანს და ისე დასტირი, თითქოს იცნობდი. კიდევ არის რამდენიმე...
- რომელ სტერეოტიპს დაამსხვრევდი?
- არ ვარ მოწოდებული იმისთვის, რომ მაინც და მაინც რომელიმე სტერეოტიპი უნდა დავამსხვრიო, თუმცა სტერეოტიპებს ვერ ვიტან!
- რა არის შენი ჰობი?
- საინტერესპ ადამიანებთან ურთიერთობა, მათი მოსმენა უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მართლა! და ამ ეტაპზე კიდევ აფრიკელი ბავშვების ვიდეოების და ფოტოების ყურება საათობით და ოცნება იმაზე, რომ ერთ დღეს მეც მათთან ერთად მოვხვდე. წვრილმანები რომ ახარებთ ასე ძალიან. ვგიჟდები ამ ბავშვებზე!
- რა არის შენი ნარკოტიკი?
- მუსიკის მოსმენა. ამაზე დიდი ნარკოტიკი ჩემთვის არ არსებობს, მართლა.
- ხარ თუ არა რისკიანი?
- ბავშვობაში, თურმე ძალიან რისკიანი ვყოფილვარ. გაგიკვირდება და ახლა უფრო მეშინია რაღაც-რაღაცების... რომ მიყვებიან ხოლმე მონაკვეთებს ჩემი ბავშვობიდან, ზოგჯერ ძალიან მიკვირს ხოლმე, "ეს მე გავაკეთე? ეს მე ვიყავი?" არ მჯერა ხოლმე, მართლა. (იცინის).
- ხარ თუ არა შარიანი?
- არა, რა სისულელეა. მე და შარი ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან.
- მსახიობი რომ იყო რა როლს ითამაშებდი? (კონკრეტულად, პერსონაჟი რომ მითხრა.)
- ასე კონკრეტულად რომელ პერსონაჟს ვითამაშებდი ვერ გეტყვი მაგრამ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სერიალში "გაქცევა".
- სად არ წახვალ არასდროს?
- არ ვიცი, ალბათ, ყველგან წავალ. მთავარია, თავში დამარტყას თავისებურად, როგორც იცის ხოლმე და მერე სადაც არ მეგონა რომ ოდესმე წავიდოდი, იქაც წავიდე.
- რისი გეშინია ყველაზე მეტად?
- ყველაზე მეტად მეშინია საკუთარი თავის და იმ ადამიანების დაკარგვის, რომელთა გარეშეც მე არაფერი ვარ. საერთოდ არაფერი.
- ერთი შანსი რომ გქონდეს, ცხოვრებაში რას შეცვლიდი?
- არაფერს. განა იმიტომ, რომ ვთვლი, იდეალური ვარ. უბრალოდ, იმიტომ რომ ყველაფერი ისე მოხდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც უნდა მომხდარიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ის არ ვიქნებოდი რაც ვარ. ამიტომ ყველაფერს დავტოვებდი ისევ ისე.
- რისი ხმაა შენთვის ყველაზე ტრაგიკული?
- უკიდეგანო სიჩუმის, გამაყრუებელი სიჩუმის..
- გწამს თუ არა ღმერთის?
- ღმერთის მწამს.
- სად არის ღმერთი, შენი აზრით?
- ჩემთვის ღმერთი სიყვარულია, ასე არ ვიცი სად არის. ალბათ, თითოეული ადამიანის გულში. ღმერთი უდიდესი ძალაა ადამიანისთვის.
- რისთვის ვმარხულობთ?
- არ ვიცი, ეს რთული შეკითხვაა ჩემთვის. ვიცი, რომ მარხვა მხოლოდ გარკვეულ საკვებზე უარის თქმა არაა! ეს არის უარის თქმა ყველა იმ მავნებლურ თვისებებზე, რასაც ადამიანი დაატარებს. ალბათ, ასეა.
- ყველაზე შემზარავი რა გინახავს?
- პირველი რაც გამახსენდა, ავარია, რომელიც ძალიან ახლოს მოხდა ჩემგან და ყველა ტკივილი, რაც ამას ახლავს, კარგად დავინახე.
- ყველაზე ლამაზი რა გინახავს?
- ყველაზე ლამაზი რა მინახავს არ ვიცი, არ მახსენდება ამ წუთში.
- რისი გრცხვენია ყველაზე მეტად?
- არ ვიცი, გარკვეული კომპლექსები მაქვს, რა თქა უნდა, მაგრამ ასე ყველაზე მეტად რისი მრცხვენია, მართლა არ ვიცი.
- რითი გიამაყია ყველაზე მეტად?
- ასე ვთქვათ, როცა სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოვჩენილვარ და გვერდში დავდგომივარ იმ ადამიანს, რომელსაც ეს ძალიან სჭირდებოდა იმ მომენტში. ზოგადად, ასეთი შემთხვევები უფრო მამახსოვრდება, ვიდრე სხვა სახის წარმატება.
- უღრმესი მადლობა ასეთი საინტერესო და გულწრფელი ინტერვიუსთვის, მარიამ. წარმატებები ცხოვრებაში!
- მადლობა რომ დაინტერესდი ჩემით. შენც იგივეს გისურვებ.
😂😂😍

No comments:
Post a Comment